ჩემი კვლევები


© თამარი პაპოშვილი. 2017 წელი


კვლევის ბმულის სრულად სანახავად :  https://drive.google.com/file/d/1s2lkpqxxATHNHMSK8ErXFctPMVLtfv_e/view?usp=sharing
კვლევის რეფლექსია :https://drive.google.com/file/d/1UuCCf-YRa0CP5pMguMiW6z-1vejwYpD6/view?usp=sharing

როგორ  განვუვითაროთ  მოსწავლეებს  ეფექტური  კითხვის  უნარები

წინამდებარე ნაშრომი არის პრაქტიკის კვლევის ანგარიში. მასში განხილულია პირველ კლასში კითხვის სწავლების პროცესში  გამოვლენილი პრობლემები, მათ გადასაჭრელად დაგეგმილი და განხორციელებული  აქტივობები და კვლევის შედეგებზე  დაფუძვნებული  რეკომენდაციები დაწყებითი კლასების პედაგოგებისთვის.


სარჩევი:

  1. შესავალი (პრობლემის აქტუალურობა, კვლევის მიზანი, ძირითადი დასკვნები);
  2. ლიტერატურის მიმოხილვა;
  3. კვლევის დიზაინი(ძირითადი საკვლევი კითხვები, მთავარი ორიენტირები);
  4. ქმედებების/ინტერვენციების შედეგების შეფასება, მეთოდები, რეკომენდაციები;
  5. დასკვნები- მიღებული შედეგების შეჯამება;
  6. გამოყენებული ლიტერატურა;
  7. დანართი.


  1. შესავალი
პრობლემის აქტუალობა: ეროვნული სასწავლო გეგმის ერთ-ერთი უმთავრესი მიზანია განუვითაროს მოზარდს ძირითადი საკომუნიკაციო უნარები (მოსმენა, ლაპარაკი, კითხვა, წერა).  სწორედ ამიტომ ქართული ენისა და ლიტერატურის  სტანდარტში სწავლების  ძირითად მიმართულებებს  წარმოადგენს კითხვისა და წერის უნარ-ჩვევების განვითარება. მასში  ვკითხულობთ, რომ „კითხვის უნარის განვითარება წიგნიერების საფუძველია, რაც სრულფასოვანი პიროვნების ჩამოყალიბების აუცილებელ პირობას წარმოადგენს. ამასთანავე ეს მიმართულება ემსახურება, ნაირგვარი წერილობითი ტექსტის წაკითხვის, მათში მოცემული ინფორმაციის გაგების, გააზრებისა და გამოყენების უნარ-ჩვევების გამომუშავებას.
სწავლების დაწყებითი საფეხური  მოსწავლეებში კითხვის უნარის განვითარების ფუნდამენტს წარმოადგენს.  სწორედ ამ პერიოდიდან უნდა გადაიდგას პირველი  ნაბიჯები მოსწავლის კარგ მკითხველად ჩამოყალიბებისთვის.
კითხვის შესწავლის პროცესში მოსწავლეებს სხვადასხვა სირთულეებთან უწევთ გამკლავება. ზოგიერთი მათგანისთვის კი ეს პროცესი განსაკუთრებულად რთულად მიმდინარეობს. ამ დროს მნიშვნელოვანია არსებული პრობლემების გამომწვევი მიზეზების იდენტიფიცირება, რათა დროულად  მოხდეს მისი აღმოფხვრა  სასწავლო პროცესში  ადეკვატური სტრატეგიებისა და  აქტივობების გამოყენებით.
მასწავლებელი, ცხადია, ყოველთვის ადევნებს თვალ-ყურს მოსწავლის  კითხვის სწავლების  პროცესს, და აფასებს მის პროგრესს, თუმცა ხშირად  ამას მთელ კლასზე ზოგადი დაკვირვების გზით ახორციელებს, რაც სამწუხაროდ არც ისე ეფექტურია, განსაკუთრებით  იმ შემთხვევებში, თუ კლასი მრავალრიცხოვანია.  ამგვარი ფორმით მოსწავლეთა რეალური შედეგების შეფასებას ისიც ართულებს, რომ ხშირად მათი მხრიდან სახელმძღვანელოში მოცემული საკითხავი ტექსტების მექანიკურად დაზეპირებას აქვს ადგილი. ამგვარად, მოსწავლე მოჩვენებითად „კარგად“ კითხულობს, სინამდვილეში კი მას შესაძლოა სერიოზული პრობლემები ჰქონდეს კითხვაში და მასწავლებელმა ეს დროულად ვერ შეაფასოს.  ყოველივე ეს მოსწავლის სწავლაში (ნებისმიერ საგანში)  ჩამორჩენის მიეზი ხდება. ეს უკანასკნელი კი იწვევს ბავშვის საკუთარი ძალების მიმართ რწმენის შერყევას და მასში დაბალი თვითშეფასების განვითარებას. მოსწავლე კარგავს სწავლისადმი მოტივაციას, რასაც ხშირად მოსდევს არასასურველი ქცევების გამოვლენა, მეგობრებისგან გარიყვა და სხვა.
ყოველივე ზემოთ თქმული მიგვანიშნებს, რომ საკვლევი საკითხი მეტად აქტუალური და საყურადღებოა, როგორც მოსწავლის სწავლის ხელშეწყობისთვის, ასევე მასწავლებლის პედაგოგიური პრაქტიკის ეფექტიანობის ზრდისთვის. ამის გათვალისწინებით, ანბანის შესწავლის შემდგომ, მოსწავლეებს  ჩავუტარე სკრინინგის ტესტი (ორწუთიანი კითხვა ინდივიდუალურად), რათა ადრეულ ეტაპზევე გამომევლინა მათი სწავლის  ძლიერი და სუსტი მხარეები. სკრინინგმა გამოავლინა რისკის ჯგუფის მოსწავლეები, რომელთა  კითხვის შედეგები ბევრად ჩამორჩებოდა ესგ-ით განსაზღვრულ ქართული ენისა და ლიტერატურის (კითხვის მიმართულებით) პირველი კლასის სტანდარტს.
იმისათვის, რათა შემესწავლა არსებული პრობლემების გამომწვევი მიზეზები და მიზანმიმართულად დავხმარებოდი მოსწავლეებს კითხვის შედეგების გაუმჯობესებაში,  გადავწყვტე  ჩამეტარებინა  სიღრმისეული კვლევა.
საკვლევი საკითხი ჩამოვაყალიბე შემდეგნაირად: როგორ  განვუვითარო  მოსწავლეებს  ეფექტური  კითხვის  უნარები.
კვლევის მიზანი:  კვლევის მიზნების განსაზღვრისას  გავითვალისწინე, რომ ესგ-ის გეგმის მიხედვით კითხვის სწავლების საწყის ეტაპზე მასწავლებლის უპირველესი მიზანია მოსწავლეებში წერილობითი ტექსტის გაშიფვრის უნარის გამომუშავებაზე ზრუნვა.  ანუ ასოების ამოცნობა და მათი დაკავშირება შესაბამის ბგერებთან; ბგერების სიტყვებად გამთლიანება, აკუსტიკური ხატის სიტყვის მნიშვნელობასთან დაკავშირება). ეს საშუალებას მისცემს მოსწავლეებს, განივითარონ გაწაფული კითხვის უნარ-ჩვევები, ამასთანავე მუშაობა იმავდროულად უნდა წარიმართოს წაკითხულის გაგება-გააზრების უნარის განვითარების მიმართულებითაც - მოსწავლეებს უნდა ესმოდეთ ის, რასაც კითხულობენ. სწორედ ეს უნარი აძლევს მათ საშუალებას, შეიძინონ ცოდნა და მიიღონ ინფორმაცია სხვადასხვა ტიპისა და დანიშნულების ტექსტებიდან.


აქედან გამომდინარე დავისახე კვლევის მიზნები:


  • მოვახდინო  კითხვის სწავლების პროცესში  გამოვლენილი პრობლემების გამომწვევი მიზეზების იდენტიფიცირება და  დავსახო  მათი  გადაჭრის  გზები;
  • გავეცნო კითხვის სწავლების ეფექტურ სტრატეგიებს, რათა მოვარგო ისინი მოსწავლეებისა და ჩემს საჭიროებებს;
  • დავეხმარო მოსწავლეებს წერილობითი ტექსტის გაშიფვრის უნარის გამომუშავებაში;
  • განვუვითარო მათ წაკითხულის გაგება-გააზრების უნარები;
  • ეფექტურად დავგეგმო შემდგომი სასწავლო პროცესი და დავხვეწო  ჩემი პედაგოგიური  პრაქტიკა;
  • ჩემი პრაქტიკის კვლევის შედეგები გავუზიარო კოლეგებს.
ძირითადი  დასკვნები:  კვლევის  პროცესში გამოყენებული მეთოდები  დამეხმარება  უფრო  ზუსტად  განვსაზღვრო  პირველ  კლასში კითხვის სწავლებისას  გამოვლენილი  პრობლემების რეალური მიზეზები, თუმცა ჩემი პირველადი  ვარაუდით  შეიძლება ვიფიქრო, რომ  მოსწავლეები შეძენილი უნარ-ჩვევებით, კოგნიტური განვითარებისა და სწავლის  ტემპით  ერთმანეთისგან განსხვავდებიან, რაც მათ სწავლის შედეგებზე აისახება. გარდა ამისა, ვფიქრობ, ოჯახური გარემოც მნიშვნელოვნად განაპირობებს მათ მოტივაციას -  წიგნის მიმართ სიყვარულსა და კითხვის შესწავლის სურვილის არსებობას. ვფიქრობ, ეს ფაქტორიც აუცილებლად იქნება  არსებული პრობლემის ერთ-ერთი მიზეზი.


  1. ლიტერატურის  მიმოხილვა
ეროვნულ სასწავლო გეგმაში ვხედავთ, რომ წიგნიერება პირველ ადგილზეა პრიორიტეტულ გამჭოლ კომპეტნციათა შორის. წიგნიერება  ვიწრო გაგებით  ნიშნავს კითხვისა და წერის ცოდნას, ფართო გაგებით, იგი მოიცავს მრავალფეროვანი ჟანრის, სტილის, თემატიკის ტექსტების შექმნას, განხილვას, გადამუშავებასა და სხვადასხვა კონტექსტში გამოყენების უნარებს. ეფექტური კითხვა,  თავის მხრივ,  გულისხმობს კითხვის ტექნიკის გაწაფვას და წაკითხულის კრიტიკულად გააზრებას.
როგორც კვლევები ცხადყოფს, ზოგადი განათლების სხვადასხვა  საფეხურზე, ასევე უმაღლესი განათლების საფეხურზე უკეთესი მიღწევები აქვთ იმ მოსწავლეებს/სტუდენტებს, რომელთაც დაწყებით საფეხურზე კარგად ისწავლეს კითხვა და წერა.  თავის მხრივ, მოსწავლეებს, რომელთაც მეოთხე კლასამდე არ განუვითარდათ კითხვისა და წერის უნარ-ჩვევები, უჭირთ ამ უნარების გამომუშავება მომდევნო კლასებში.
ყოველივე ცხადყოფს, რომ დაწყებითი კლასის მასწავლებელს მოსწავლის სწავლა-განვითარებისთვის  საჭირო  ფუნდამენტური  პროცესების  განხორციელებაში  უდიდესი  პასუხისმგებლობა ეკისრება.
კითხვის უნარის განვითარება რთული პროცესია. ის ხუთი ძირითადი კომპონენტის განვითარებას გულისხმობს: ფონოლოგიური უნარ-ჩვევები, ანბანის ცოდნა, ლექსიკური მარაგი, გაწაფული/გამართული კითხვა, გაგება-გააზრება. ისინი ერთმანეთს ეფუძვნება და ერთ-ერთი უნარის არარსებობა, მეორეს განვითარებას უშლის ხელს.
სხვადასხვა წყაროებიდან და კვლევებიდან მიღებული ეს ინფორმაციები ნათლად აჩვენებს, რომ პატარებისთვის  კითხვის სწავლება ადვილი არ არის, მით უფრო, ქართულ ენაზე. რადგან ამ საქმეს რთული სიტყვების (6-ზე მეტი ასოსგან შემდგარი სიტყვები) სიმრავლე ამძიმებს. საბავშო ტექსტებში კი საკმაოდ მრავლადაა ასეთი  სიტყვები. ასე, რომ მასწავლებლისთვის მეტად მნიშვნელოვანია ზუსტად განსაზღვროს, როგორ დაეხმაროს მოსწავლეს, რომ მან დაძლიოს კითხვაში გაწაფვის რთული საფეხურები.
წიგნიერების შესახებ  სავადასხვა ლიტერატურული წყაროებიდან ვრწმუნდებით, რომ კითხვის შესწავლის პროცესებზე ბევრი განსხვავებული ფაქტორი ახდენს გავლენას. განსაკუთრებით აღსანიშნავია  ამ მხრივ ადრეული განათლება. მაგალითად, „მასწავლებლის წიგნში“ (ჯანელიძე.ა ლაბარტყავა ნ. 2014 : 23) ვკითხულობთ, რომ მკვლევარები ხაზს უსვამენ წიგნთან ურთიერთობის მნიშვნელობას ადრეულ ასაკში. კითხვის მიმართ მოსწავლის/ადამიანის დამოკიდებულება ხშირად განპიობებულია იმით, თუ რამდენად ინტენსიურად ჰქონდა მას, ჯერ კიდევ სკოლამდელ ასაკში, ნაბეჭდ მასალებთან შეხება, ანუ რამდენად ხშირად უკითხავდნენ მას უფროსები წიგნებს.
აქედან გამომდინარე, შეიძლება დავასკვნათ, რომ კითხვის უნარის განვითარების შეფერხების ერთ-ერთი მიზეზი, რიგ შემთხვევებში, არასაკმარისი და არასათანადო სწავლებაა.
კითხვის სწავლების პროცესებზე, რასაკვირველია, გავლენას ახდენს მოსწავლის კოგნიტური განვითარება. მარტივად რომ ვთქვად, ისინი ვინც ჟ.პიაჟეს აზრს  ეთანხმებიან, მიიჩნევენ, რომ სწავლა შედეგიანია მაშინ, თუ ის ბავშვის განვითარების დონეს შეესაბამება. ხოლო, ისინი ვინც ლ.ვიგოტსკის თეორიას იზიარებენ, მიაჩნიათ, რომ პირიქით, სწავლა უწყობს ხელს განვითარებას.
როგორც არ უნდა იყოს, პედაგოგიური პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ კლასი ერთი ჰომოგენური ჯგუფია, სადაც შედიან სხვადასხვა გამოცდილების, განვითარებისა და მიღწევების მქონე მოსწავლეები. მასწავლებელი იმგავარად უნდა წარმართავდეს სწავლებას, რომ ყოველმა მოსწავლემ მიაღწიოს საუკეთესო შედეგს თავისი განვითარების ფარგლებში.
თითოეულ მოსწავლეს აქვს თავისი ინდივიდუალური განვითარების  უახლოესი ზონა (ლ. ვიგოტსკი) და მასწავლებელმა ამ  ზონის ფარგლებში უნდა გაუწიოს მათ კონსტრუქციული  დახმაარება: „ბავშვის სწავლების პროცესი „ჯადოსნურ შუალედში“ უნდა მიმდინარეობდეს, როცა სწავლა მათთვის არც მოსაწყენი იქნება და  არც ძალიან რთული“(მ.მელიქიშვილი, 2012 : 21).
როგორ მოვიქცეთ? რა მექანიზმები უნდა გამოვიყენოთ  ამისთვის?
ამ კითხვებზე  პასუხს  G-PRIED-ის სასწავლო-მეთოდოლოგიურ რესურსების კრებულში (კითხვისა და წერის სწავლება დაწყებით საფეხურზე, 2015.) ვკითხულობთ, რომელიც დაწყებითი კლასების მასწავლებლებს ეფექტურ და ინოვაციურ მიდგომებს/მეთოდებს სთავაზობს. კერძოდ, სასწავლო პროცესის მორგებას მოსწავლეთა საჭიროებებზე - დიფერენცირებული სწავლება.
როგორც ამ კრებულშია აღწერილი, დიფერენცირებული სწავლება მასწავლებლისგან სწავლისა და სწავლების  სხვადასხვა მეთოდს მოითხოვს.  სწავლების  ამგვარი  მიდგომა წარმატებით გამოიყენება კითხვისა და წერის უნარების განვითარების პროცესში, რომლის გამოყენებისას გათვალისწინებული უნდა იქნას გარკვეული საბაზო პრინციპები:
  • სასწავლო პროცესის დაგეგმვის დროს მნიშვნელოვანია მოსწავლეთა ინდივიდუალური საჭიროებების შესწავლა და გათვალისწინება.
  • მნიშვნელოვანია, რომ მოსწავლეები სწორად გადანაწილდნენ სამუშაო ჯგუფებში და თითოეულ ჯგუფს მიეცეს ადეკვატური სირთულის ტექსტები/დავალებები.
  • ყველა მოსწავლემ/ჯგუფმა  უნდა მიიღოს მიზნობრივი დახმარება  და უკუკავშირი კითხვის პროცესში და წერითი დავალებების შესრულებისას.
როგორც გამოიკვეთა,  მოსწავლის  კითხვის  უნარების  გაუმჯობესებისკენ მიმართული გზები  მისი ინდივიდუალური  საჭიროებების  შეფასებაზე გადის.
შეფასება  ეფექტური სწავლების ერთ-ერთი საკვანძო ელემენტია. კვლევები ცხადყოფს, რომ რეგულარულ  შეფასებას  მნიშვნელოვნად დიდი წვლილი შეაქვს  მოსწავლის  კითხვის უნარის გაუმჯობესებაში. ის მასწავლებელს ეხმარება განსაზღვროს მოსწავლის საჭიროებები  და  ადეკვატური ცვლილებები განახორციელოს სწავლების პროცესში.
G-pried-ის  კრებულიდან ასევე  ვიგებთ, რომ კითხვის უნარის საკლასო შეფასების სამი  ძირითადი ტიპი არსებობს:
  • სკრინინგი - მოსწავლის ძლიერი და სუსტი მხარეების გამოვლენა;
  • დიაგნოსტირება - მოსწავლის წარმატება/წარუმატებლობის მიზეზების პოვნა;
  • პროგრესის  მონიტორინგი - სწავლება-სწავლის ეფექტურობის დადგენა, შუალედური შეფასება.


მასწავლებელი  კონკრეტული ტიპის შეფასების  მიზნით  იყენებს  შესაბამის ინსტრუმენტებს. თუმცა ზოგიერთი  კარგად შედგენილი ინსტრუმენტი შესაძლებელია გამოყენებულ იქნას  ორი, ან მეტი დანიშნულებით (როგორც სკრინინგის, ასევე დიაგნოსტირების, ან მონიტორინგის მიზნით).
სარესურსო კრებული,  ასევე, იძლევა  რეკომენდაციებს, თუ  როგორი ტექსტები და დავალებები უნდა შევარჩიოთ შეფასების ამათუიმ მონაცემებზე დაყრდნობით. ამგვარი მიდგომებით მოსწავლეები ნაბიჯ-ნაბიჯ ივითარებენ კითხვის კომპეტენციებს და მასწავლებლის დახმარებით, თანდათანობით ეუფლებიან გაგება-გააზრების სტრატეგიებს. მასწავლებელი, ასევე სხვადასხვა საშუალებებს  იყენებს პატარა მკითხველებში მოტივაციის, თავდაჯერებულობისა და  თვითრწმენის გასაღვივებლად.
ამრიგად, სხვადასხვა ლიტერატურის დამუშავებისას ჩემთვის ნათელი გახდა, რომ კითხვის შესწავლის პროცესში წარმოქმნილი პრობლემების მიზეზები ინდივიდუალური და მრავალგვარია. თუმცა, სკრინინგისა და დიაგნოსტირების საფუძველზე შესაძლებელია კონკრეტული მოსწავლის ინდივიდუალური საჭიროებების დადგენა.   


  1. კვლევის დიზაინი (ძირითადი საკვლევი კითხვები, მთავარი ორიენტირები):
 კვლევის დაწყებამდე ჩამოვაყალიბდი, თუ რა იქნებოდა ჩემი კვლევის მთავარი ორიენტირი, რის მიხედვითაც შევიმუშავე   მთავარი საკვლევი კითხვა - როგორ დავეხმარო მოსწავლეებს ეფექტური კითხვის უნარების განვითარებაში?
მთავარ კითხვაში  დასმული  პრობლემის დაძლევის მიზნით შევიმუშავე შემდეგი ქვეკითხვები:


  • რა შემთხვავაში ავლენენ ბავშვები ეფექტური კითხვის უნარებს?
  • რა ფაქტორები უშლის ხელს მოსწავლეს მთლიანი სიტყვის ამოკითხვაში?
  • როგორ შეიძლება მოსწავლეთა პროვოცირება ფონოლოგიური უნარების გასააქტიურებლად?
  • ყველაზე ეფექტურად რომელი აქტივობები და სტრატეგიები დამეხმარება მოსწავლეებში კითხვის უნარების განვითარებაში?
  • შეფასების რომელი ინსტრუმენტები დამეხმარება ყველაზე უკეთ მოსწავლეთა პროგრესის გასაზომად?
  • რამდენად არიან ჩართული მშობლები მოსწავლეთა სასწავლო პროცესში?


აღნიშნულ  კითხვებზე  პასუხების  გასაცემად შევარჩიე  ადეკვატური კვლევის მეთოდები და შევიმუშავე კვლევის გეგმა.
  1. გამოყენებული მეთოდები
კვლევის წარმატებით განხორციელების  და მისი შედეგების სანდოობისა და ადეკვატურობის მიზნით მონაცემთა შეგროვების მეთოდებად გამოვიყენე ჩართული დაკვირვება (აღწერითი, ფოკუსირებული და  შერჩევითი დაკვირვება); ფოკუსჯგუფი (ჯგუფური ინტერვიუ); ანკეტირება.


აღწერითი  დაკვირვება: პირველი სემესტრის დასასრულს მოსწავლეთა შესაფასებლად   დავამზადე ზოგადი მონიტორინგის ფორმა, რომლის საშუალებითაც მინდოდა განმესაზღვრა 1-ლი კლასის მოსწავლეთა კითხვისა და წერის შედეგები ქართულ ენასა და ლიტერატურაში. ამ მიზნით, ერთი კვირის განმავლობაში ყოველდღიურად ვაკვირდებოდი 5-5 მოსწავლეს და შედეგები შემქონდა მონიტორინგის ფორმაში.  ყოველივე ამან ნათლად გამოკვეთა, რომ  მოსწავლეთა გარკვეული ნაწილი კითხვის მიმართულებით  ძალიან ჩამორჩებოდა ესგ-ით განსაზღვრულ  I კლასის ქართული ენისა და ლიტერატურის სტანდარტს.
 
ფოკუსირებული დაკვირვება: აღწერითი დაკვირვების შედეგებიდან გამომდინარე გადავედი  შემდეგ ეტაპზე - ფოკუსირებულ დაკვირვებაზე. მისი  მიზანი იყო რისკის ჯგუფის მოსწავლეთა წარუმატებლობის  მიზეზების  დადგენა  და  დასკვნების  გამოყენება კითხვაში მათი  სუსტი მხარეების დასაძლევად.
ფოკუსირებული დაკვირვებისას ჩავატარე დიაგნოსტიკური ტესტირებები (იხ. დანართი 1.)  რისკ ჯგუფის მოსწავლეებთან, სხვადასხვა უნარების შესამოწმებლად:  რამდენად სცნობდნენ ანბანის ყველა ასოს; ჰქონდათ, თუ არა განვითარებული ფონოლოგიური უნარები; რამდენად სწრაფად და სწორად ახერხებდნენ  სიტყვის დეკოდირებას  და /ან მის  ავტომატურად ცნობას;  იაზრებდნენ, თუ არა იმას, რასაც კითხულობდნენ.
ამასთანავე დავამზადე მონიტორინგის რვეული, რომლისთვისაც შევადგინე ჯგუფური (8 მოსწავლე) დაკვირვების ფორმა  ესგ-ის კითხვის სტანდარტის მიხედვით (იხ.დანართი 2). ერთი კვირის მანძილზე ვაკვირდებოდი მოსწავლეებს და  მარტივი მონიშვნებით ადვილად ვახერხებდი დაკვირვების შედეგების  აღრიცხვას.  
ყოველდღიური დაკვირვებისა და დიაგნოსტიკური ტესტების საფუძველზე დამტკიცდა, რომ აღნიშნულ მოსწავლეებს სათანადოდ არ ჰქონდათ განვითარებული ფონოლოგიური უნარები, რაც განაპირობებდა მათ დაბალ  შედეგებს კითხვაში.
შერჩევითი დაკვირვება: შერჩევითი დაკვირვების  ეტაპზე  სამი თვის განმავლობაში  ინდივიდუალურად ვაკვირდებოდი კითხვაში დაბალი შედეგების მქონე  მოსწავლეთა ფონოლოგიური უნარების განვითარების პროგრესს. პერიოდულად ვატარებდი დიაგნოსტიკურ ტესტირებებს კითხვაში. მონიტორინგის შედეგებს ვინიშნავდი ჩემს მიერ დამზადებულ  დაკვირვების ფორმაში (იხ.დანართი 3).
ამავე პერიოდში მოსწავლეებს რეგულარულარულად ვთავაზობდი დამატებით აქტივობებს ფონოლოგიური უნარების გავარჯიშებისთვის. პარალელურად კი, მთელ კლასთან ვმუშაობდი გააზრებული კითხვის უნარის გავარჯიშებაზე და ამ კუთხითაც ვაწარმოებდი  პროგრესის  მონიტორინგს (იხ. დანართი 3 და 4.).
ფოკუსჯგუფი (ჯგუფური ინტერვიუ): რადგანაც მოტივაცია და ზოგადად კითხვის მიმართ დამოკიდებულება ერთ-ერთ გადამწყვეტ ფაქტორს წარმოადგენს მოსწავლეში ეფექტური კითხვის უნარის განსავითარებლად, ფოკუსირებული დაკვირვების  შემდგომ, გადავწყვიტე  ჩამეტარებინა ფოკუსჯგუფი.  
წინასწარ მომზადებული კითხვების დახმარებით (იხ. დანართი 5.), ფოკუსჯგუფი ჩავატარე კითხვაში დაბალი შედეგების მქონე მოსწავლეებთან. მისი მიზანი იყო იმის შესწავლა, თუ რამდენად წიგნიერ გარემოში იზრდებოდნენ აღნიშნული მოსწავლეები; როგორი იყო მათი კითხვისადმი მოტივაცია; კითხვის შესწავლის პროცესთან დაკავშირებულ  სირთულეებზე  მოსწავლის  თვითშეფასება. ყოველივე ეს დამეხმარა კვლევის სწორად წარმართვასა და  ასევე, მშობელთა გამოკითხვის ანკეტის მომზადებაში.
ანკეტირება: ფოკუსჯგუფის შედეგად მოპოვებული მონაცემების, კიდევ უფრო მეტად, შევსებისა და დაზუსტების მიზნით, ჩავატარე ანკეტირება.
მოვამზადე ანკეტა (იხ.დანართი 6), რომელიც ითვალისწინებდა პირველი კლასის ყველა მშობლის მონაწილეობას. მისი შევსება მოხდა მშობელთა კრებაზე ინდივიდუალურად (იხ. დანართი 7).  მშობლებს დაურიგდათ  ანკეტის  ფურცლები, რომელშიც მათ დააფიქსირეს საკუთარი პასუხები. მონაცემთა შეგროვების ეს მეთოდი  დამეხმარა, დამედგინა  მშობელთა  ჩართულობის  ხარისხი მოსწავლის  სწავლის პროცესში და ასევე,  მოსწავლეთა  დამოკიდებულება  კითხვის პროცესის მიმართ.


  1. ქმედებების/ინტერვენციების შედეგების შეფასება, მეთოდები, რეკომენდაციები


მონაცემთა ანალიზი: აღწერითი დაკვირვებისას  მოსწავლეებში ნათლად გამოიკვეთ, რომ კითხვის მიმართულებით 8 მოსწავლე ძალიან ჩამორჩებოდა  ესგ-ით განსაზღვრულ  I კლასის ქართული ენისა და ლიტერატურის სტანდარტს. კერძოდ, აღნიშნულ მოსწავლეებს არ შეეძლო სიტყვის მარცვლებად ამოკითხვა და შესაბამისად ვერ ასახელებდნენ  წაკითხული  სიტყვის მნიშვნელობას.  
ქვემოთ წარმოდგენილია ცხრილი და სვეტოვანი დიაგრამა, სადაც ნათლად ჩანს აღწერითი დაკვირვების შედეგები.





ფოკუსირებული დაკვირვებისას გამოიკვეთა, რომ მოსწავლეებს სათანადოდ არ ჰქონდათ განვითარებული ფონოლოგიური უნარები (ქართ. I. 6;    ქართ. I. 7 ).
ქვემოთ წარმოდგენილია მონაცემთა ანალიზი ცხრილისა და წრიული დიაგრამის საშუალებით, სადაც ნათლად ჩანს, კონკრეტულად რომელ ინდიკატორებში  ჰქონდათ მოსწვლეებს ყველაზე დაბალი (ამ  ინდიკატორების მაჩვენებელი  მონიშნულია წითლად) შედეგები.













შერჩევითი  დაკვირვება გამოვიყენე კვლევის დასკვნით ეტაპზე. მისი ანალიზისას  გამოიკვეთა, რომ სწავლა/სწავლების პროცესი პროგრესულად  მიმდინარეობდა  მოსწავლეებში ფონოლოგიური უნარებისა  და ზოგადად, კითხვის უნარების განვითარების  კუთხით.
შერჩევითი დაკვირვების ეტაპზე  ვახორციელებდი მოსწავლეთა პროგრესის მონიტორინგს, კითხვის უნარების განვითარებისა და  ჩემს მიერ განხორციელებული ინტერვენციების შესაფასებლად. ასე რომ,  ამ ეტაპზე  თანადროულად  ვმუშაობდი, როგორც მოსწავლეთა კითხვის უნარების  განვითარებაზე, ისე   მიღწეული  შედეგების შეფასებაზე (იხ. ინტერვენციების შეფასებაში წარმოდგენილი მონიტორინგის ცხრილი და დიაგრამა).


ფოკუსჯგუბის ანალიზისას გამოიკვეთა, რომ ინტერვიუში (იხ. დანართი 9) მონაწილე თითქმის ყველა მოსწავლე  ნაკლებად წიგნიერ  ოჯახურ  გარემოში  იზრდება.
მიუხედავათ ამისა, მოსწავლეთა პასუხებიდან ჩანს, რომ მათ უყვართ წაკითხულის მოსმენა და სურვილსაც გამოთქვამენ ამასთან დაკავშირებით.  თუმცა, ხშირ შემთხვევაში, უფროსებისგან  თანხმობას ვერ იღებენ, რადგან,  მოსწავლეთა თქმით, კითხვისთვის არ სცალიათ.  
ირკვევა ისიც, რომ ამ  ბავშვების  ოჯახებში  თითქმის დეფიციტს წარმოადგენს საბავშვო წიგნების  არსებობა.  ჩემს კითხვაზე: რომელია თქვენი საყვარელი მოთხრობა, თუ ზრაპარი? - თითქმის ყველა მოსწავლისგან ერთი და იგივე პასუხი - „კომბლე“ დაფიქსირდა.  
ჩემი ეჭვი  იმაზე, რომ მოსწავლეების მხრიდან ადგილი ჰქონდა ერთმანეთის პასუხების მექანიკურ გამეორებას, დაადასტურა იმ ფაქტმა, რომ ორი მოსწავლის გარდა ვერცერთმა ვერ მიპასუხა „საყვარელი“ ზღაპრის შინაარსთან დაკავშირებულ  ვერცერთ შეკითხვაზე. ეს კი ადასტურებს, რომ რეალობა გაცილებით  მძიმე შეიძლება ყოფილიყო,  ვიდრე ამას  ბავშვები გადმოსცემდნენ.
ინტერვიუს შემდეგი კითხვები დამეხმარა იმის დადგენაში, თუ რა დამოკიდებულება გააჩნდათ მოსწავლეებს კითხვის შესწავლის პროცესთან დაკავშირებით.  მათი უმრავლესობა, ნაკლებად, მაგრამ მაინც გამოხატავს კითხვის შესწავლის მიმართ ინტერესს. მათ გაცნობიერებული აქვთ ის პრობლემები რაც ხელს უშლით გამართულად კითხვაში. აქვთ კითხვის საკუთარი სტრატეგია (მაგ.: ჩუმი კითხვა ), რომელსაც ანიჭებენ უპირატესობას, რადგან აცნობიერებენ, რომ ეს მათ წაკითხულის გაგებაში  ეხმარება.
მოსწავლეთა ინტერვიუდან  შეიძლება დავასკვნათ, რომ მოსწავლეებს გააჩნიათ კითხვის მიმართ მოტივაციის საკმარისი მუხტი, რომელიც ადვილად გაღვივდება სათანადო ყურადღებისა,  თუ მხარდაჭერის პირობებში და ამ მხარდაჭერაში  უდიდესი  როლი მასწავლებელთან ერთად, მშობლებსაც  ეკისრება.  
ანკტირების ზოგადმა ანალიზმა დამაკმაყოფილებელი შედეგი აჩვენა, მშობელთა ხმების  უმრავლესობა მოდიოდა  პასუხზე - „გ) ხშირად“.
ანკეტის საკითხები:
  1. ჩემი შვილი გამოხატავს სურვილს, რომ წავუკითხოთ  ზღაპარი,  ლექსი, მოთხრობა და ა.შ;
  2. ოჯახის  წევრები    ვუკითხავთ  საბავშვო  წიგნებს;
  3. ვსაუბრობთ  წაკითხულის შესახებ:  რა მოეწონა, რა არ  მოეწონა, რატომ და ა.შ;
  4. ხალისით,  ძალდატანების  გარეშე  იწყებს  მეცადინეობას   კითხვაში;
  5. პრობლემის  შემთხვევაში   ითხოვს  ჩვენგან  დახმარებას;
  6. უყვარს  წაკითხული  ტექსტის  შინაარსის  ჩვენთვის მოყოლა,  ან  დახატვა  და  ნახატის  აღწერა.
  7. სასკოლო საკითხავი ტექსტების გარდა,  ცდილობს წაიკითხოს მისი  ასაკის შესაბამისი   სხვა  საბავშვო  ლიტერატურა;


(ქვემოთ წარმოდგენილ დიაგრამაზე ნათლად ჩანს აღნიშნული  ანალიზის შედეგები).


ამრიგად, თუ პასუხების გულწრფელობაში ეჭვს არ შევიტანთ, შეიძლება ითქვასდავასკვნათ, რომ I კლასის მოსწავლეები მეტ-ნაკლებად წიგნიერ გარემოში იზრდებიან.  რაც ადეკვატურად აისახება კიდეც მოსწავლეთა უმრავლესობაზე.
რადგანაც, კლასის ზოგად მონაცემებზე დაყრდნობა რისკ ჯგუფის მოსწავლეთა შესასწავლად მკაფიო  დასკვნების გამოტანის საშუალებას არ იძლეოდა,   აქედან გამომდინარე, ცალკე შევკრიბე და გავაანალიზე იმ მშობელთა (სულ რვა მშობელი) პასუხები, რომელთა შვილებიც ჩემი დაკვირვების მთავარ ობიექტს წარმოადგენდნენ. სამწუხაროდ, ჩემი წინასწარი მოლოდინი გამართლადა, მშობელთა ხმების  უმრავლესობა მოდიოდა  პასუხზე - „ბ) იშვიათად“. ერთეულ შემთხვევებში, კი პასუხად ფიქსირდებოდა  „ა) არასოდეს“.


საბოლოოდ, ანალიზის შედეგად დადასტურდა,  რომ  მოსწავლეებში კითხვის შესწავლისას წარმოქმნილი პრობლემების  ერთ-ერთი გამომწვევი მიზეზი, სწორედ, რომ არაწიგნიერი ოჯახური გარემოა.  (იხ. მომდევნო  დიაგრამა).











განხორციელებული  ინტერვენცია : კვლევის  შედეგებიდან  გამომდინარე შევიმუშავე  შემდეგი  ინტეერვენციები:
  1. სხვადასხვა მეთოდური ლიტერატურის გაცნობა კითხვის სწავლების თანამედროვე და ეფექტური მეთოდების შესახებ.
  2. მრავალფეროვანი ფონოლოგიური  და  გააზრებული კითხვის სავაარჯიშოების გამოყენება საგაკვეთილო პროცესში.
  3. დიფერენცირებული მიდგომის გამოყენება სწავლების პროცესში;
  4. მოსწავლეთა მიმდინარე შედეგების რეგულარული  მონიტორინგი;
  5. მშობელებთან  აქტიური თანამშრომლობა და მათი ინფორმირება, იმის თაობაზე, თუ როგორ დაეხმარნენ  შვილებს კითხვის შესწავლის პროცესში.
  6. კლასში წიგნიერი გარემოს მოწყობა.
გავეცანი სხვადასხვა მეთოდოლოგიურ ლიტერატურას  (განსაკუთრებით გამოვყოფდი G-PRIED-ის სასწავლო-მეთოდოლოგიური რესურსების კრებულს) ჩემი მიზანი იყო  მოსწავლეთა საჭიროებებზე მორგებული, მიზანმიმართული და მრავალფეროვანი კითხვის ეფექტური მეთოდებისა და აქტივობების შერჩევა, ასევე დიფერენცირებული სწავლების პრინციპების/მეთოდების გაცნობა და სასწავლო პროცესში დანერგვა.


დვიწყე  დიფერენცირებული სწავლების დანერგვა კითხვის გაკვეთილებზე. ჩემი მიზანი იყო სწავლის პროცესში გამეთვალისწინებინა თითოეული მოსწავლის ინდივიდუალური საჭიროებები და მიზანმიმართული დახმარება გამეწია მათთვის.


რეგულარულად ვახდენდი მოსწავლეთა მიმდინარე შედეგების მონიტორინგს.  ჩემი მიზანი იყო დროულად შემეფასებინა კითხვის სწავლების პროცესის ძლიერი და სუსტი  მხარეები და მოსწავლეთა სწავლის პროგრესი, რათა ადექვატურად დამეგეგმა და ეფექტურად წარმემართა ჩემი შემდგომი მუშაობა.


დავიწყე მშობლებთან აქტიური თანამშრომლობა. მათ სისტემატიურად ვაწვდიდი მოსწავლეთა მიღწევა/ წარუმატებლობასთან დაკავშირებულ ინფორმაციას. ასევე ინდივიდუალურ შეხვედრებზე, თუ მშობელთა კრებებზე ყურადღებას ვამახვილებდი ისეთ თემებზე, როგორიცაა მშობლის როლი მოსწავლის სწავლა-სწავლების საკითხებში; ოჯახური წიგნიერი გარემოს გავლენა ბავშვის კითხვის მიმართ ინტერესზე და სხვა. ვაწვდიდი შესაბამის ლიტერატურას მშობელთა სასწავლო პროცესში ჩართვასთან დაკავშირებით. აქვე, ვაძლევდი მათ საჭირო რეკომენდაციებს, თუ როგორ დახმარებოდნენ  შვილებს კითხვის უნარების გაუმჯობესებაში.


ვიზრუნე კლასში წიგნიერი გარემოს შექმნაზე. ბავშვების მიერ მოტანილი საბავშვო ჟურნალებითა და G-PRIED-ს პატარა საბავშვო  წიგნებით მოვაწყეთ საკლასო ბიბლიოთეკა. მოსწავლეებს უფლება ჰქონდათ  დასვენებების პერიოდში შეერჩიათ მათთვის სასურველი მოთხრობა და წაეკითხათ. დავნერგეთ ისეთი პრაქტიკაც, რომლის დროსაც კითხვაში გაწაფული ბავშვები თავიანთ ირგვლივ შემოიკრებდნენ მეგობრებს და უკითხავდნენ ერთობლივად შერჩეულ მოთხრობას, ან ზღაპარს.


ამრიგად, ჩემი მიზანი იყო მოსწავლეებში კითხვის მიმართ მოტივაციის ამაღლება, ლექსიკური მარაგის გამდიდრება და იმის სურვილი, რომ  ბევრი ევარჯიშათ კითხვაში, რათა მომდევნო ჯერზე თავადაც წაეკითხათ მეგობრბისთვის საყვარელი მოთხრობები.


ინტერვენციების შეფასება:
იმის შესამოწმებლად, თუ რამდენად ეფექტური იყო ჩემს მიერ დაგეგმილი და განხორციელებული ინტერვენციები, დავიწყე რეგულარული მონიტორინგი მოსწავლეთა მიღწევების შესაფასებლად.
როგორც კვლევის მეთოდების ანალიზისას ავღნიშნე, შერჩევითი დაკვირვების ეტაპზე  პარალელურად ვახორციელებდი ეფექტური კითხვის უნარების განვითარებისკენ მიმართულ ინტერვენციებს  და  მისი  შედეგების  მონიტორინგს. რისკ ჯგუფის მოსწავლეებში ძირითადად ვაკვირდებოდი ფონოლოგიური უნარების განვითარების დინამიკას. ხოლო, ზოგადად, მთელ კლასზე ვახორციელებდი გააზრებული კითხვის უნარების მონიტორინგს.
ქვემოთ ნაჩვენებია სამი თვის მანძილზე მოსწავლეზე დაკვირვების შედეგების ანალიზი ფონოლოგიურ უნარებში, ცხრილისა  და  ხაზოვანი დიაგრამის  სახით (ერთი კონკრეტული მოსწავლის მაგალითზე). მასში  ნათლად  ჩანს მოსწავლის სწავლის პროგრესი.
ასევე, შეგიძლიათ იხილოთ მთელ კლასზე გააზრებული კითხვის უნარების მონიტორინგის შედეგებიც, დიაგნოსტიკური ტესტების სახით (დანართი 4.).






რეკომენდაციები:
ჩემი პრაქტიკის კვლევის მანძილზე შეძენილმა გამოცდილებამ და მიღებულმა შედეგებმა  მაჩვენა რომ  მოსწავლის  კარგ  მკითხველად  ჩამოყალიბების  პროცესი  ეფუძვნება შემდეგ მნიშვნელოვან ფაქტორებს:


  • მოსწავლის პროგრესის უწყვეტი მონიტორინგი და შეფასება;
  • მოსწავლის ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული სწავლება;
  • მასწავლებელისა და მშობლის მჭიდრო თნამშრომლობა;
  • წიგნიერი გარემო სკოლასა თუ სახლში.


აქედან  გამომდინარე,   შევიმუშავე  რეკომენდაციები  მოსწავლეებში  კითხვის  უნარის გასაუმჯობესებლად:
  • კითხვის ეფექტური სწავლებისთვის  აუცილებელია მოსწავლეთა პროგრესის რეგულარული ინდივიდუალური მონიტორინგი, რომელიც უნდა განხორციელდეს ესგ-ის სტანდარტით გათვალისწინებული აღნიშნული მიმართულების  შედეგების მიხედვით მიხედვით;


  • მოსწავლეთა კითხვის შესწავლის პირველ ეტაპზე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია და აუცილებელია სწავლების დიფერენცირებული მიდგომა, რათა მოხდეს თითოეული მოსწავლის სწავლის ინდივიდუალური თავისებურებების/მზაობის  გათვალისწინება და ადეკვატური დახმარების შეთავაზება კითხვის უნარის გასაუმჯობესებლად.


  • მოსწავლეებთან ფონოლოგიური სავარჯიშოებზე მუშაობა უნდა მიმდინარეობდეს არა მხოლოდ  საანბანო პერიოდის მანძილზე, არამედ ის უნდა გაგრძელდეს ანბანისშემდგომი პერიოდის განმავლობაშიც სასურველი შედეგის მიღწევამდე. განსაკუთრებით  ეს აუცილებელია კითხვაში დაბალი შედეგების მქონე  მოსწავლეებთან.


  • კითხვის სწავლების პროცესში მეტად მნიშვნელოვანია მასწავლებლისა და მშობლის სისტემატიური ურთიერთთანამშრომლობა.  კერძოდ, ინფორმაციის გაცვლა მოსწავლის კითხვის შესწავლის პროცესებთან დაკავშირებით,  თუ  როგორია  მისი დამოკიდებულებები, ქცევა, მიღწევები  და სიძნელეები  სკოლასა თუ  სახლში.


  • საკლასო ოთახში უნდა გვქონდეს და  რეგულარულად შევთავაზოთ ბავშვებს მათი ასაკის შესაბამისი მრავალფეროვანი საბავშვო საკითხავი ლიტერატურა. ამასთან დაკავშირებით რეკომენდაციები გავუწიოთ მშობლებსაც, რადგანაც ყველასათვის ცნობილია, რომ ბავშვის წიგნიერ გარემოში აღზრდა მისთვის კითხვის შესწავლის მაღალი მოტივატორი და კარგ მკითხველად ჩამოყალიბების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია.


ვინაიდან პირველ კლასში არ სრულდება მოსწავლის კარგ მკითხველად ჩამოყალიების პროცესი, საჭიროა მომდევნო კლასებშიც გათვალისწინებულ იქნას ზემოთჩამოთვლილი რეკომენდაციები.


  1. დასკვნები- მიღებული შედეგების შეჯამება:
ჩემ მიერ პირველ კლასში ჩატარებული პრაქტიკის კვლევის საფუძველზე, შემიძლია დავასკვნა, რომ  მოსწავლეებში კითხვის შესწავლის პროცესთან დაკავშირებული პრობლემების  მიზეზები შემდეგია:


  • მოსწავლეებს სათანადოდ არ ჰქონდათ განვითარებული ფონოლოგიური უნარები;
  • სწავლა - სწავლების პროცესში  არ იყო გათვალისწინებული თითოეული მოსწავლის სწავლის სტილი და განვითარების ტემპი;
  • მოსწავლეები  აღიზარდნენ  არაწიგნიერ ოჯახურ  გარემოში.


აღნიშნული პრობლემების აღმოფხვრის  მიზნით  ჩემ მიერ გატარებულ იქნა კონკრეტული ღონისძიებები. განხორციელებული ინტერვენციების შეფასებამ მიჩვენა, რომ მათი უმრავლესობა შედეგიანი იყო.




  1. გამოყენებული ლიტერატურა (ბიბლიოგრაფიის დამოწმება)


  • ეროვნული სასწავლო გეგმა 2011-2016 წლები, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო .
  • ქართული ენა და ლიტერატურა, გზამკვლევი მასწავლებლებისთვის, I-VI კლასები, ეროვნული სასწავლო გეგმების ცენტრი 2011.
  • მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი, (2013) კითხვის ეფექტური მეთოდები
  • ჯანელიძე ა.ლაბარტყავა ნ.კვირიკაშვილი ვ. ქობალია ქ.(2014) მასწავლებლის წიგნი, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი,
  • სასწავლო- მეთოდოლოგიური რესურსების კრებული, კითხვისა და წერის სწავლებს დაწყებით საფეხურზე I-VI კლასები,(2015) G-PRIED საქართველოს დაწყებითი განათლების პროექტი
  • მელიქიშვილი მ.(2012) ლევ ვიგოტსკის კოგნიტური განვითარების სოციო-კულტურული თეორია, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი.
  • ტყემალაძე რ. დალაქიშვილი ნ. თოფაძე ქ. (2010) სწავლება და შეფასება,  მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი.
ელექტრონული რესურსები:


საიტის მისამართი: http://old.ucss.ge/geo/




  • კარგი სკოლა- საგანმანათლებლო ვებ პორტალის რესურსები.
მისამართი: http://www.kargiskola.ge/


დანართი 1













                                                                                                                                       


დანართი 2                                    ჯგუფური  დაკვირვების  ფორმები
ქართ. I. 6. მოსწავლეს  შეუძლია  ანბანური  პრინციპის  გაგება და  გამოყენება.
3- მაღალ დონეზე გამოავლინა;      2- საშუალო დონეზე გამოავლინა ;        1 - საჭიროებს გაუმჯობესებას;
თვე   და რიცხვი
მოსწავლე  (სახელი და გვარი)
თავისუფლად ცნობს ხშირად გამოყენებული  სიტყვის ორთოგრაფიულ ხატს;
ადარებს სხვადასხვა სიტყვის ორთოგრაფიულ ხატებს, პოულობს საერთო მარცვლებს, ასოებს;
ნაცნობ სიტყვებში ცნობს და წარმოთქვამს ასოებს; სიტყვათა ჩამონათვალში პოულობს წინასწარ მითითებულ ასოს, მარცვალს;
ასოებს ამთლიანებს მარცვლებად, მარცვლებს - სიტყვებად; სიტყვებში გამოყოფს და წარმოთქვამს მარცვლებს, მარცვლებში – ასოებს;
ასოებისაგან,მარცვლებისაგან აწყობს სიტყვას;
ცნობს ანბანის ყველა ასოს.
ჯამური   ქულა

1








2








3








4








5








6








7








8










თვე   და რიცხვი
მოსწავლე  (სახელი და გვარი)
აკავშირებს ასოებს ბგერებთან და ამთლიანებს მათ მარცვლებად, სიტყვებად (წარმოთქვამს სიტყვებს);
სიტყვათა ჩამონათვალში პოულობს მითითებულ სიტყვას;
ხმამაღლა (მთლიანი სიტყვებით ან დამარცვლით) კითხულობს მარტივი წინადადებებით შედგენილ მცირე  ზომის  ტექსტებს;
წინადადების საზღვრების შესაბამისად აკეთებს პაუზას;
აგრძელებს სხვის მიერ დაწყებულ კითხვას სათანადო ადგილიდან
ჯამური  ქულა

1







2







3







4







5







6







7







8







ქართ. I. 7. მოსწავლეს შეუძლია წერილობითი კოდის გაშიფვრა;
           
                                           
ქარ. I. 9.  მოსწავლეს შეუძლია ვიზუალურად გამოხატოს წაკითხული / მოსმენილი ტექსტით აღძრული შთაბეჭდილებები.
ქართ. I. 8. მოსწავლეს შეუძლია პრაგმატული ხასიათის მარტივი ტექსტის წაკითხვა და გაგება.
თვე   და რიცხვი
მოსწავლე  (სახელი და გვარი)
ქმნის მთლიანი ზღაპრის ან ცალკეული ეპიზოდის ილუსტრაციებს;
იგებს და ასრულებს მარტივი ენით დაწერილ ინსტრუქციებს   
ამოკრებს კონკრეტულ ინფორმაციას.
ჯამური
ქულა

1





2





3





6





5






6





7





8





9





10







დანართი 3
ინდივიდუალური  დაკვირვების  ფორმა 1
მოსწავლე: ------------------------------------------
უნარი,  რომელსაც  ვაკვირდები:
ქართ. I. 6. მოსწავლეს  შეუძლია  ანბანური  პრინციპის  გაგება და  გამოყენება.
3- მაღალ  დონეზე გამოავლინა;     2- საშუალო დონეზე გამოავლინა ;     1 - საჭიროებს გაუმჯობესებას;
თვე   და რიცხვი
თავისუფლად ცნობს ხშირადგამოყენებული  სიტყვის ორთოგრაფიულ ხატს;
ადარებს სხვადასხვა სიტყვის ორთოგრაფიულ ხატებს, პოულობს საერთო მარცვლებს, ასოებს;
ნაცნობ სიტყვებში ცნობს და წარმოთქვამს ასოებს; სიტყვათა ჩამონათვალში პოულობს წინასწარ მითითებულ ასოს, მარცვალს;
ასოებს ამთლიანებს მარცვლებად, მარცვლებს - სიტყვებად;სიტყვებში გამოყოფს და წარმოთქვამს მარცვლებს, მარცვლებში – ასოებს;
ასოებისაგან,მარცვლებისაგან აწყობს სიტყვას;
ცნობს ანბანის ყველა ასოს.
ჯამური   ქულა


































მოსწავლეზე ინდივიდუალური დაკვირვების ფორმა 2
მოსწავლე:  (სახელი და გვარი) ------------------------------------------------------
უნარი, რომელსაც  ვაკვირდები:  
ქართ. I. 7. მოსწავლეს შეუძლია წერილობითი კოდის გაშიფვრა
3- მაღალ დონეზე გამოავლინა;  2-  საშუალო დონეზე გამოავლინა;  1-საჭიროებს გაუმჯობესებას.
თვე და რიცხვი
აკავშირებს ასოებს ბგერებთან და ამთლიანებს მათ მარცვლებად, სიტყვებად (წარმოთქვამს სიტყვებს);
სიტყვათა ჩამონათვალში პოულობს მითითებულ სიტყვას;
ხმამაღლა (მთლიანი სიტყვებით ან დამარცვლით) კითხულობს მარტივი წინადადებებით შედგენილ მცირე  ზომის  ტექსტებს;
წინადადების საზღვრების შესაბამისად აკეთებს პაუზას;
აგრძელებს სხვის მიერ დაწყებულ კითხვას სათანადო ადგილიდან
პროგრესის მონიტორინგი
(ჯამური ქულა)




























დანართი 4


 



გააზრებული კითხვის ტესტი 
III ვარიანტი
  1. დააკავშირე   სიტყვა    ნახატთან!
 





=================================================================================================
  1. სურათებს   ქვეშ   მიუწერე   თავიანთი   სახელები!













  1. წინადადებაში   გადმოცემული   აზრი    ჩახატე    ჩარჩოში !
გოგონას   წითელი  კაბა   და   ლურჯი  ფეხსაცმელი  აცვია.


-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
დანართი 5
ინტერვიუს კითხვები მოსწავლეებისთვის:


  1. სთხოვ თუ არა  ოჯახის  წევრებს,  რომ წაგიკითხონ რამე - მოთხრობები ან ზრაპრები?


  1. გიკითხავენ  უფროსები  საბავშვო წიგნებს?


(თუ პასუხია არა დამატებითი კითხვებით დაზუსტდება მიზეზი. მაგ:  გაქვს  სახლში საბავშვო წიგნები?  ითხოვ  უფროსებისგან  რომ  წაგიკითხონ რამე?  და ა.შ.  ამ შემთხვევაში  გამოტოვებული უნდა იქნას  მე-2 შეკითხვა.)


  1. ინტერესით უსმენ,  როდესაც  რამეს  გიკითხავენ,  თუ  არ ინტერესდები?


  1. ყველაზე ძალიან რა  გაინტერესებს, რის  შესახებ  გინდა  რომ  წაგიკითხონ ან წაიკითხო  წიგნები - ცხოველებზე, მანქანებზე, პრინცესებზე, ბავშვებზე, მეგობრობაზე, სასაცილო ამბებზე  თუ  სხვა?


  1. რა უფრო მოგწონს - ზღაპრები, მოთხრობები, ლექსები, გამოცანები თუ სხვა?


  1. შენ თვითონ ცდილობ წაიკითხო  რამე  დამოუკიდებლად ?


  1. მოგწონს  როცა   კითხულობ, თუ  არა? რატომ?


  1. რა  გიადვილდება/გიძნელდება  კითხვის  დროს?


  1. რა უფრო გირჩევია  ხოლმე  - ჩუმად კითხვა, თუ  ხმამაღალა? რატომ?


  1. თუ  უყვები  ხოლმე  ვინმეს  წაკითხულის   შესახებ, ან თუ ხატავ შინაარსს?


  1. შენი  აზრით,  რაში  გჭირდება  ყველაზე   მეტად  დახმარება?




დანართი 6
მშობელთა  გამოკითხვის  ანკეტა
თარიღი:------------------------------------
მოსწავლე : ---------------------------------
მშობელი:---------------------------------
ვახორციელებ კვლევას მოსწავლეთა კითხვის  უნარების განვითარების შესახებ. ამასთან დაკავშირებით გთხოვთ, შემოხაზოთ  თქვენი პასუხები  ქვემოთ მოცემულ საკითხებთან დაკავშირებით.  გახსოვდეთ, რომ ყოველივე ეს  ხორციელდება  მოსწავლის სწავლის შედეგების გაუმჯობესების მიზნით. სწორედ ამიტომ, პასუხებში თქვენი გულახდილობა მეტად მნიშვნელოვანია.


თითოეული  საკითხის  ქვეშ  შემოხაზეთ  მხოლოდ  ერთი  პასუხი -  ა), ბ), გ), ან დ). )


  1. ჩემი შვილი გამოხატავს სურვილს, რომ წავუკითხოთ  ზღაპარი,  ლექსი, მოთხრობა და ა.შ;
ა)არასოდეს     ბ) იშვიათად       გ)ხშირად         დ) ყოველთვის


  1. ოჯახის  წევრები    ვუკითხავთ  საბავშვო  წიგნებს;
ა)არასოდეს     ბ) იშვიათად       გ)ხშირად         დ) ყოველთვის


  1. ვსაუბრობთ  წაკითხულის შესახებ:  რა მოეწონა, რა არ  მოეწონა, რატომ და ა.შ;
ა)არასოდეს     ბ) იშვიათად       გ)ხშირად         დ) ყოველთვის  


  1. ხალისით,  ძალდატანების  გარეშე  იწყებს  მეცადინეობას   კითხვაში;
ა)არასოდეს     ბ) იშვიათად       გ)ხშირად         დ) ყოველთვის


  1. პრობლემის  შემთხვევაში   ითხოვს  ჩვენგან  დახმარებას;
ა)არასოდეს     ბ) იშვიათად       გ)ხშირად         დ) ყოველთვის


  1. უყვარს  წაკითხული  ტექსტის  შინაარსის  ჩვენთვის მოყოლა,  ან  დახატვა  და  ნახატის  აღწერა.
ა)არასოდეს     ბ) იშვიათად       გ)ხშირად         დ) ყოველთვის


  1. სასკოლო საკითხავი ტექსტების გარდა,  ცდილობს წაიკითხოს მისი  ასაკის შესაბამისი   სხვა  საბავშვო  ლიტერატურა;
ა)არასოდეს     ბ) იშვიათად       გ)ხშირად         დ) ყოველთვის

10. თუ  კიდევ  გსურთ  რაიმეს თქმა თქვენი  შვილის კითხვის სწავლების პროცესთან  დაკავშირებულ  დადებით, ან უარყოფით  მხარეებზე , შეგიძლიათ დაწეროთ  ქვემოთ :
----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
ანგარიშში სრულდ არ არის წარმოდგენილი დანართები სხვადასხვა ინტერესებიდან გამომდინარე.



1 comment:

  1. საინტერესო კვლევაა. გმადლობთ !

    ReplyDelete